საზოგადოებახალხის ხმა

ჩანაწერი • ლუკა ნაცვლიშვილი

1 Mins read

აუდიო ჩანაწერი

ლუკა ბათუმიდან ჩამოვიდა. პატარა და ლამაზი ქალაქიდან და თან ამბები ჩამოგვიტანა. ისეთი ამბები, თბილისშიც ან ნებისმიერ ქართულ ქალაქშიც ახლა უკვე ხშირად რომ გაიგონებთ. ვიღაცას ღმერთი გასწყრომია და სამშობლოზე მეტად, ჩრდილოელი მეზობელი შეჰყვარებია, თან გარემოებებსაც ხელი შეუწყვია, თავიანთი მბრძანებლის უგუნურ ქმედებებს გამოქცეულნი, კარგა ბლომად მოგროვილან ქართულ ქალაქებში, რჩეულ უბნებში, საცხოვრებლებში, პარკებში… ლუკამაც, ჩემს უბანში რომ გამოიაროთ, ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეგხვდებიან ან თავად ისინი ან თავიანთი ბიზნესებიო. ნამდვილად, რთულად სასმენი ამბავია.

თან, ლუკა არც ისეთი ნაციონალისტია, შოვინიზმი რომ დააბრალო (პროპაგანდისტული მანქანებისთვის ვამბობ, თუმცა ისინი არაფერს დაგიდევენ). ფიქრობს, რომ ყველას უნდა შეეძლოს საქართველოში ცხოვრება, რუსსაც კი თუ მას უყვარს ეს ქვეყანა ან თუ სიყვარულს ვერ მოსთხოვ, რადგან ამას ქართველებიც კი ხშირად ვაკლებთ ხოლმე, ყველაზე მცირე, პატივს თუ სცემს ქვეყანას, რომელშიც დაფუძნება გადაუწყვეტია. ქართველებმა კი ვიცით ჩრდილოელმა მეზობლებმა როგორი პატივისცემაც იციან. ლუკას, როგორც მის ოჯახს, ეს ჩვენზე უკეთ ესმის და ამბის სირთულეც ამაშია.

ლუკას მამა, თენგიზ ნაცვლიშვილი, ომგამოვლილი, უფრო სწორად, რუსეთთან ომებ გამოვლილი, სამშობლოზე შეყვარებული კაცია. როგორც ლუკა გვიყვება, მამა არასოდეს ყოფილა ის, ვინც რომელიმე პოლიტიკურ პარტიაზე ან პოლიტიკოსზე ავად თუ კარგად მიუთითებდა, არც ლუკასთან საუბრისას შეურჩევია თემად ომი, არც თავი მოუწინებია ამით და არც წაუქეზებია შვილი. თავისუფალი არჩევანი და თავისუფლებაა ის, რაც ლუკას ოჯახურ ღირებულებად გადმოეცა. და მაინც, მაგალითებს ქმედებები ქმნიან და არა სიტყვები. ლუკა  გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონში, რომელიც სახალხო პროექტს წარმოადგენს და სრულიად უფასოა, კვირეულ წვრთნებს გადის, ისევე, როგორც მისი მეგობრების ნაწილი, დაფიონიდან.

დაფიონი, რაც ერთის მხრივ დაისს და მეორე დეფინიციით „ცათ ფერად ელვარობას“ ნიშნავს იმ ერთობის სახელია, რომელსაც ლუკა და მისი თანატოლები უძღვებიან. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეები, სურვილით, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიაწვდინონ ხმა, შეახსენონ წარსული, გააღვივონ მათში პატრიოტული სულისკვეთება და აწმყოში სწორად, გონივრული მოქმედებით უკეთეს მომავალს დაუდონ საფუძველი, თვეებია ფხიზლად იცავენ ყველაფერ ქართულს ბათუმში და არა მარტო. მათი ნაწილი თბილისში საქმიანობს. თანდათან იზრდებიან. მალე ორგანიზაციადაც შედგებიან და როგორც ლუკა ამბობს, ქართველი ჯარისკაცის, რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ჯამბულათ ხოფერიას ჩაფხუტზე, რომელიც მას ჯამბულათის მამამ სიმბოლურად გადასცა, როგორც სამშობლოსთვის ბრძოლის სიმბოლო, რელიქვია სამუდამო ხსოვნისა, შეჰფიცავენ ერთმანეთს.

ჩვენთვის ლუკა სკოლაში რუსული დროშის ჩამოხსნით და აფხაზური დროშის გაკვრის გაპროტესტებით გახდა ცნობილი, მანამდე კი დაფიონს რუსული დროშა ისევ მტერზე შეყვარებული მოსახლის სახურავიდან მოუშრებია. ახლაც, ჯერ ოფიციალურად მოითხოვენ ბათუმის ავტოსადგურთან ახლოს მდებარე ნამგლისა და უროს საბჭოთა მონუმენტი ჩამოხსნან, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას თავად იზამენ. ეს უკანასკნელი კი მათი და მათთან ერთად ყველა პატრიოტი ქართველის ალეგორიული მიზანია, მხოლოდ იმპერიული რუსეთის ნარჩენების თავიდან მოშორებით შევძლებთ ვიხილოთ ის, რაც ნამდვილად ქართულია.

#ჯიუტიgeut

სტატიის ავტორი – NinoBebetty

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *